კახა კალაძემ სამუშაო დღის ბოლოს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა [ვიდეო]
კახა კალაძემ სამუშაო დღის ბოლოს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა [ვიდეო]

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში პირველი სამუშაო დღის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოხატული მხარდამჭერისთვის ამომრჩეველს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე, მერიიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

„დღეს უკვე ვიმყოფები თბილისის მერიაში. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. საკმაოდ ემოციური დღე იყო ჩემთვის. დღეს წარვადგინე მერის მოადგილეობის კანდიდატები – ადამიანები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში, მუშაობას ჩემთან ერთად განაგრძობენ. ქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ყოველთვის ვამბობდი, რომ ამისთვის ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი და რაც მთავარია, პატიოსნებაა საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებისა და თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატურებს წარადგენს, რომელიც კვირის ბოლოს დასამტკიცებლად, დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თქვენს თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. დღესაც ვიცი, რომ ძალიან დიდია მოლოდინები და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რას და როგორ გავაკეთებთ. გაძლევთ პირობას, რომ ყველა განხორციელებული პროექტისას, გექნებათ სრული ინფორმაცია, როგორ ვაკეთებთ, რანაირად ვაკეთებთ ამ პროექტებს, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს სურვილი – ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ სამუშაო დღის დასასრულს.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on 2017 წლის 13 ნოემბერი, ორშაბათი