კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს 
კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისა და თანადგომისთვის. მისი თქმით, მხარდამჭერთა დარბაზში ყველა თაობის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელოს.

„დღეს ვხსნით ჩემს მხარდამჭერთა დარბაზს. დღეიდან ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს გექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდეთ, ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, სამომავლო გეგმებზე. ამავდროულად, მომდევნო დღეებში ვაპირებ, წარმოვადგინო ჩემი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რა დგას ამ სიტყვების უკან, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება, როგორია ჩემი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით და როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო წლებში, არამხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელად ცნობილი ქართველი პედიატრი თემურ მიქელაძე დაასახელა.

„ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ადგილი, სადაც სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს გავმართავთ. რა თქმა უნდა, გვექნება საინტერესო საუბრები ჩვენს ქალაქთან დაკავშირებით. დღეიდან, ამ ადგილის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის. ყველა ასეთ პროექტს სჭირდება თავისი ხელმძღვანელი. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მთელი თბილისი ძალიან კარგად იცნობს – ექიმი, პედიატრი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ქალაქი, ქალაქელები – თემურ მიქელაძე. სწორედ ის უხელმძღვანელებს მხარდამჭერთა დარბაზს. ეს ადამიანი ემსახურება ყველაზე ძვირფასს – ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. თემური დღესაც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ებრძვის იმ ვირუსს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ვირუსი ძალიან მალე დავამარცხოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელმა თემურ მიქელაძემ, კახა კალაძეს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან მხარდამჭერთა დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო სლოგანი სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ემსახუროს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ნდობისთვის. მინდა, კახა კალაძეს მადლობა გადავუხადო იმ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო რეკრეაციული სივრცეების შექმნას, რაც აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში კახა კალაძის გუნდი და ჩვენ, ყველა ერთად, უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი თბილისისთვის. პედიატრია მაინც სიმბოლურად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და სიმბოლურია ისიც, რომ კახა კალაძის სლოგანია – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. სწორედ სიცოცხლეს უნდა ვემსახუროთ თითოეული ჩვენგანი, რომელშიც აქიურ მონაწილეობას ვიღებ“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

პედიატრმა საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენციაა.

„ბოლო პერიოდში ორ-სამ ათეულ პაციენტთან, კოვიდინფიცირებულ ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიური მაჩვენებელი, ორ-სამ ერთეულამდე ჩამოვიდა, რაც დამაიმედებელია. სულ პანდემიის პერიოდში, დაახლოებით, 4 500-მდე პაციენტი გავატარე და 27 ჰოსპიტალიზაცია იყო. მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ, რამეთუ ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია. სწორედ, პანდემიის დამარცხებითა და შემდგომი განვითარებით, კიდევ ერთხელ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო კახა კალაძეს, მის ოჯახს, გუნდს და ვიმედოვნებ, რომ ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ღონისძიების დასასრულს კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო კლიპი წარუდგინა.