კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გააცნო
კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები კომერციული ბანკების წარმომადგენლებს გააცნო

თბილისი მერმა კახა კალაძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მთავრობის მიერ დაანონსებული „მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

კახა კალაძე მიესალმება იმას, რომ ბანკების მხრიდან არის მხარდაჭერა და თანადგომა დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან და პრემიერთან ერთად რამდენიმე ხნის წინ გვქონდა პრეზენტაცია „მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ. მერია დედაქალაქში მთელი რიგი პროექტების განხორციელებას აპირებს – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწერიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, სამშენებლო სექტორში შესაბამისი რეგულაციები, რომ ის მტვერი, რაც ზოგადად პრობლემაა, თავიდან ავიცილოთ. ერთობლიობაში ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. მოვისმინეთ ბანკების მხრიდან, რომ მიესალმებიან ჩვენს პოლიტიკას და მთელ რიგ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მიმართულებით და გვიერთდებიან, რომ განახორციელონ დედაქალაქში პროექტები. აპირებენ თავიანთი ავტოპარკის ჩანაცვლებას ელექტრომობილებით და ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით, ასევე წაახალისებენ თავიანთ თანამშრომლებს, რომ შეიძინონ ელექტრომობილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ელექტრომობილებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით პარკინგი უფასო იქნება, ასევე ელექტომობილის მფლობელებს თბილისი მერია ელექტრო დამტენებს დაუყენებს.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის საკითხები.

„წელს საპილოტედ 19 ელექტომანქანა ჩამოვიყვანეთ, დაახლოებით 59 კი ჰიბრიდული მანქანა. გვინდა, ორი წლის განმავლობაში მთლიანად გადავიდეთ ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებზე.

„თიბისი ბანკი“ მიიჩნევს, რომ ეკოლოგია არის ძალიან მნიშვნლოვანი თემა და ამ მხრივ წელს ძალიან ბევრი პროგრამა გვავს, 2019 წელს კი როგორც თბილისს, ასევე მთლიანად, საქართვლოს შევთავაზებთ სპეციალურ პროდუქტებს. განსაკუთრებით, ეს იქნება სასესხო პროდუქტები და სესხები. შევეცდებით, ამ მიმართულებით შეთავაზებები გვქონდეს განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეეისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.