კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა

14:49, 05.02.2020

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩის 16-ში მცხოვრები 12 ოჯახი „თბილგვირაბმშენის“ თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და მეტროს მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით.

საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილის ქუჩის 38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახსაც.

ოჯახები საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-მდე ოჯახს დაუკანონდა.

მსგავსი