კახა კალაძემ გარემოს დაცვის პროექტებზე ანგარიში წარადგინა - სამომავლოდ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს
კახა კალაძემ გარემოს დაცვის პროექტებზე ანგარიში წარადგინა - სამომავლოდ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.

„როცა 2017 წელს მერის არჩევნებისთვის მიმდინარეობდა მზადება ერთ დიდ პრობლემას შევეჩეხეთ – თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას. საკითხის შესწავლისას, ცხადი გახდა, რომ თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისე გვიანი იქნებოდა, რომ ნებისმიერი რეფორმა, ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, წყალში ჩაიყრებოდა“, – აღნიშნა პრტეზენტაციისას კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, არჩევნებამდე მკაფიოდ განისაზღვრა ის მიზნები, რომელიც აღნიშნული მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.

„შეუძლებელია სიცოცხლით სავსე ქალაქის შენება, თუკი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი სტანდარტები არ არის დაცული. ჩვენ გვსურდა, რომ ძირეულად შეგვეცვალა დედაქალაქში ამ კუთხით არსებული მიდგომები, რაც კომპლექსური ნაბიჯების გადადგმასა და მასშტაბური რეფორმების განხორციელებას მოითხოვდა. დღეს, ნამდვილად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ 2017 წელთან შედარებით, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს პროგრესს მივაღწიეთ. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ ახალ და აღდგენილ მწვანე სივრცეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, თანამედროვე რეკრეაციულ ზონებსა და ევროპული დონის პარკებს, სადაც დედაქალაქის მცხოვრებლები, თბილისის სტუმრები სასიამოვნოდ ატარებენ დროს.

როგორც უკვე აღვნიშნე, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა.პირველ რიგში, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს, დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს.

ჯერ კიდევ 2017 წელს, მე თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არც ერთ ნებართვას და არ მოხდებოდა მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები და სპორტული კომპლექსები იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, განვლილი წლების განმავლობაში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა.

„ამის შედეგადაც, ჩვენს დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება. ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ რაც გვინდა, თუმცა უნდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება და შემდეგ მისგან  ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა საერთაშორისო ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ძალიან მალე გვექნება უკვე კონკრეტული პროექტი.

გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ხორციელდება ძალიან ეფექტიანი კონტროლი. ასევე, დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე. დამეთანხმებით, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და სამომავლო განვითარებაზე.

როდესაც ვსაუბრობთ გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თანამედროვე, ევროპულ ქალაქში, უმნიშვნელოვანესია საპარკე კულტურის განვითარება. ამ მიმართულებით, დედაქალაქში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და ხელშესახებ შედეგსაც მივაღწიეთ. როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ის რეკრეაციული სივრცეები, სადაც მოხდა განახლება, დღეს სავსეა ადამიანებით. ამ  საპარკე კულტურას სჭირდება წახალისება და კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო პროექტის განხორციელება.

დღეს, ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, ულამაზეს სივრცეში. წლების წინ, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ, როგორ იყო მიგდებული და გაუბედურებული არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის შედეგად არის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე. იგივე მდგომარეობა გვაქვს მზიურის განახლებულ პარკში, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს ვერ იტევს. ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი. დავიწყეთ ვაკის პარკის განახლება-რეაბილიტაცია. ფონდი „ქართუს“ მიერ ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს, ისეირნოს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს იმ საჩუქრისთვის, რომელიც თბილისს გაუკეთა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დასრულდება.

ასევე, დაწყებული გვაქვს თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია. ქალაქში შეამჩნევდით კონკრეტულ გზაგამყოფებს, რომლებიც იყო ბეტონის, დღეს კი მწვანე სივრცეებია. მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც ვნახავთ შესაძლებლობას, გავამწვანოთ. მინდა ასევე გამგებლებს გადავუხადო მადლობა, რადგან რაიონებში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა  პარკების რეაბილიტაციის სახით. ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ და უფრო მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ დედაქალაქის მცხოვრებლებს.

აქ არიან ეკოსერვისის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფუტკრებივით  მუშაობენ იმისთვის, რომ ეს მწვანე სივრცეები ასე მოვლილი და გალამაზებული იყოს. მინდა ამ ადამიანებს, თითოეულ ჩემს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო ამ შრომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. სამომავლოდ ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. უკვე არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და რაც მთავარია, თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი იქცეს თბილისის ფილტვებად.

ოთხი წლის წინ, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ვაკეთებდით, ბევრს ვერ წარმოგვედგინა და სკეპტიკურად უყურებდა იმ მიზნებსა და დაპირებებს, რომელზეც დედაქალაქის მოსახლეობას ვესაუბრებოდით.

ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, უფრო მეტი ამბიცია გვაქვს და რეალურად ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე, რეკრეაციული ზონები გაჩნდეს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი