კახა კალაძემ დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩა დაათვალიერა [ფოტო]
კახა კალაძემ დიდ დიღომში იოანე პეტრიწის ქუჩა დაათვალიერა [ფოტო]

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩა დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის მიზანია, ყველა ქუჩა ​მოწესრიგებული იყოს.

„​მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. შეიცვალა გარე განათების ბოძები და დავაყენეთ ახალი, თანამედროვე led ტიპის სანათები, რომელიც ეკონომიურია და დაახლოებით 69-70% ელექტროენერგიას ზოგავს. სადენები, რომელიც ჰაერში იყო გადაჭიმული, ყველაფერი მიწისქვემოთ არის. შუა გამყოფი ზოლი, რომელიც მანქანების პარკინგად იყო გადაქცეული, დღეს მოწერიგებულია და ხე-მცენარეები დაირგა. მალე დაიწყება დახაზვითი სამუშაოები და მთლიანად დასრულდება ეს ქუჩა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩატარებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად გაეცნენ მისი მოადგილეები, რაიონის გამგებლები და დეპუტატები.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „თი როუდი“ აწარმოებდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ პეტრიწის ქუჩა გამწვანდა: ჯამში 513 ძირი, 7 სახეობის მერქნიანი მცენარე დაირგო, მათ შორის, 377 ძირი, 4 სახეობის ბუჩქი და 136 ძირი, 3 მეტრზე მაღალი, სამი სახეობის ხე. გარდა ამისა, იგეგმება ბალახის დათესვა ჰიდროთესვის პრინციპით.