კახა კალაძე - ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეროვნული იდეა და ქართველებს პატრიოტიზმი გაუღვიძა
კახა კალაძე - ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეროვნული იდეა და ქართველებს პატრიოტიზმი გაუღვიძა

ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეროვნული იდეა და ქართველებს პატრიოტიზმი გაუღვიძა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 28 წლის წინ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

„მნიშვნელოვანი დღეა რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ზვიად გამსახურდიას მოვიხსენიებთ როგორც პირველ პრეზიდენტს, პუბლიცისტს, მწერალს, კარგი მამის შვილს, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეროვნული იდეა და ქართველებს სამშობლოს შეგრძნება და პატრიოტიზმი გამოუღვიძა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ სწორად მოვუყვეთ ჩვენს შვილებს, ვინ იყო ზვიად გამსახურდია, რისთვის იბრძოდა და რას მიაღწია. დღევანდელ დღეს, 28 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ეროვნულმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით რეფერენდუმი ჩაატარა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.

„რაც შეეხება გამოძიებას, გეთანხმებით იმაში, რომ საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა საქმე გამოძიებული ბოლომდე არ არის და ალბათ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გვითხრან, რა ეტაპზეა ეს პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.