კახა კალაძე - ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებსაც, აქვთ უფლება, მობრძანდნენ 14 დეკემბრის აქციაზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არასწორს უწოდებს 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისთვის კონტრაქციის დარქმევას.
„არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. მოსახლეობას ნუ მიაწოდებთ არასწორ ინფორმაციას, არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი. საქართველო ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის მერე ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლა და მიღწევები და ის, რომ ჩვენ გავხდით თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გაიმართება ახალგაზრდების ხელმძღვანელობით ეს კონკრეტული ღონისძიება 14 დეკემბერს. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს, დაესწარით ღონისძიებას ეს იქნება საზეიმო ღონისძიება“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას კითხვით მიმართეს.
ამასთან, ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, საჯარო მოხელეებს დაეგზავნათ მუქარის შემცველი მესიჯები, თუ არ მოვლენ 14 დეკემბერს აქციაზე, მათ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ.
„ყველას, მათ შორის, საჯარო მოხელეებსაც აქვთ უფლება, მობრძანდნენ აქციაზე. ვერავინ შეზღუდავს საჯარო მოხელეს და არ მოგატყუოთ ვინმემ, მეგობრებო, მობრძანდით, წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და ერთად ვიზეიმოთ 14 დეკემბერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.