კახა კალაძე - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ ეროვნული ინტერესებით
კახა კალაძე - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ ეროვნული ინტერესებით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი იყო“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოს პოლიტიკა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე გადის.

„როდესაც საუბარი იყო სანქციების მიერთება-არმიერთებაზე, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, არ დაგვიმალავს, რომ სანქციებს არ და ვერ ვუერთდებით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ვატარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთს თუ სანქციებს დაუწესებს, ამით მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდება.

„გვეუბნებიან, რომ თუ მივუერთდებით სანქციებს, ამით დავაზარალებთ რუსეთის ეკონომიკას. ამის არ მჯერა. მგონია, რომ ყველა გონიერი ადამიანი, ვინც აზროვნებს, ხვდება, შეუძლებელია, რომ, მაგალითად, ქართულ ღვინოს, წყალს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს თუ რუსულ ბაზარზე არ გავიტანთ, ჩავკეტავთ და სანქციებს დავაწესებთ, ამით დავაზარალებთ რუსულ ეკონომიკას. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი. დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას, ქვეყნის ეკონომიკას, დავაზიანებთ გლეხს, რომელიც კახეთში შრომობს, დავაზიანებთ ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში შრომობენ, რათა რაღაც გააკეთონ. პარალელურად, უნდა მოვძებნოთ ალტერნატიული გზები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი თქვა იმაზე, რისი საშუალებაც დღეს გვაქვს. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან მშვიდობის შენარჩუნება გვაძლევს შესაძლებლობას, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება. თქვენ ვერ მომიტანთ პრემიერ-მინისტრის ვერცერთ განცხადებას, რომ მას ეთქვას ან გაეკეთებინოს მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ საქართველო უარს ამბობს ნატო-ზე ან ევროპულ მომავალზე. პირველ რიგში, იმ ქვეყნებმა გადადგან ნაბიჯი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი და თუნდაც სავაჭრო უერთიერთობები რუსეთთან. ყოველდღიურად მილიარდდოლარიანი სავაჭრო ურთიერთობებით დახურეს 2022 წელი ევროპულმა ქვეყნებმა. ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის? ნახეთ სავაჭრო ურთიერთობები საქართველო-რუსეთს შორის და შეადარეთ რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის, თუნდაც აშშ-ს შორის“, – განაცხადა კალაძემ.