კახა კალაძე - ყველა არჩევნებს მოჰყვებოდა მაღალი შეფასებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან და მივაწვდით ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რომელსაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, აუცილებლად იქნება გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა და გააცნოს მოსახლეობას, აწარმოოს საარჩევნო კამპანია.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით გადადგა ქვეყანამ. ყოველთვის, ყველა არჩევნებს მოჰყვებოდა მაღალი შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება.
„საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება საქართველოში. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება, ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საგანი. მაქვს მოლოდინი საინტერესო შეხვედრების, რასაც მოჰყვება პოზიტიური შედეგი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.