კახა კალაძე - წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება
კახა კალაძე - წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება

შეუძლებელია, მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად აქცევს. ამის გარანტი ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, უანგარო ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წყალტუბოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძე წარუდგინა.

კალაძის თქმით, წყალტუბოს აღორძინების პროექტი იმდენად გამორჩეულია, რომ მთელი იმერეთის რეგიონზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას.

მისი განცხადებით, წყალტუბოში მიმდინარე ინფარსტრუქტურული პროექტები ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი, მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტით, გამორჩეული ბუნებით, იმ უდიდესი პოტენციალით, რომელიც ამ ულამაზეს ქალაქს წყალტუბოს აქვს. შეუძლებელია, მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად, ტურისტულ ცენტრად აქცევს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამის გარანტი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, უანგარო ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს. აუცილებელია ითქვას, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი თავისი მასშტაბებით, იმდენად გამორჩეულია, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მთელი იმერეთის რეგიონზე მოახდენს უდიდეს პოზიტიურ გავლენას. განვითარება და ადამიანზე ზრუნვა რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია, რასაც ყველაზე უკეთ, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ხედავს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე არსებული უძრაობის შემდეგ ქვეყანა და მათ შორის, წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა.

„იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში ახლა მიმდინარეობს, განვლილი რვა წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები თუ პროგრამები განხორციელდა, რამაც მოსახლეობას მცირე ბიზნესის კეთების გამარტივებული შესაძლებლობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა შეუქმნა. კარგად გვესმის, რომ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე კვლავაც უამრავი გამოწვევაა, არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთად, აქტიური თანამშრომლობით უნდა დავძლიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის როლი არის მნიშვნელოვანი. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი