კახა კალაძე – წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება უდიდესი შრომის, უამრავი გათენებული ღამის, ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, საუკეთესო გუნდში მეთამაშა, წარმატებული კარიერა მქონოდა

14:28, 04.06.2025

ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეთამაშა და წარმატებული კარიერა მქონოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ამ უდიდეს გამარჯვებას. აქვე მინდა, მას და ზაზა ფაჩულიას მივულოცო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ჩემთვისაც დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება, რადგან ეს არის ჯილდო იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, 90-იანი წლების პატარა ბიჭის მიერ ჩაფიქრებული ოცნების ასრულების. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, როგორც ფეხბურთელს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეთამაშა და წარმატებული კარიერა მქონოდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს ამ დაფასებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მადლიერება მის მიმართ. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.

მსგავსი