კახა კალაძე - ვცდილობ, ყველა ჟურნალისტს ვუპასუხო კითხვებზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება კონკრეტული ღონისძიებები, ძალიან ცუდია, თუ ეს გაგრძელდება, მოგვიწევს ჩვენი ურთიერთობის გადახედვა
კახა კალაძე - ვცდილობ, ყველა ჟურნალისტს ვუპასუხო კითხვებზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება კონკრეტული ღონისძიებები, ძალიან ცუდია, თუ ეს გაგრძელდება, მოგვიწევს ჩვენი ურთიერთობის გადახედვა

მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, თანაბრად ნაწილდება ყველასთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მერიის ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქება არ ხდება.

„მინდა, შევეხო ერთ თემას, რომელიც ვფიქრობ, გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს. და მინდა, საზოგადოებასაც მივაწოდო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, შეიძლება, ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში სამჯერ, ოთხჯერ გვიწევს კომუნიკაცია მედიასთან, ვიკრიბებით სხვადასხვა ადგილზე, მერიის დაორგანიზებულ ღონისძიებებზე. ეს არის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ვეწევით. შეიძლება, გამგეობის, მერიის პროექტები იყოს. შეიძლება, იყოს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სპორტული მოედანი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ვიწვევთ, მედიას, განურჩევლად ყველას. არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით, იმ დღესთან დაკავშირებით, თუ რატომ ვართ შეკრებილები, არც ერთ ინფორმაციას არ ავრცელებენ. გიწვევთ, გეძახით, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება, იყოს ხიდის მშენებლობა, გზის მოწესრიგება, სხვადასხვა სოციალური პროგრამა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება აღნიშნული ინფორმაციის არგავრცელება საინფორმაციო გამოშვებებში.

„არ იფიქროთ, რომ მე ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს. მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში. სვამთ შეკითხვებს სხვადასხვა თემაზე, ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად ხიდის მშენებლობასთან, შეიძლება, თქვენი შეკითხვა არსებულ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერი ვალდებული ვარ, რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ვცდილობ, მაქსიმალურად თქვენც კომფორტი შეგიქმნათ, გიპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც იქ არ ხდება იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მგონია, რომ ძალიან ცუდია. ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს. რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს ეს, უბრალოდ ცუდია, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვიღაცამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ამ ქალაქში ცხოვრობენ, ვცხოვრობთ ყველა, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მე, კახა კალაძეს და ჩემს გუნდს დაგვიჭირა მხარი. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, თანაბრად ნაწილდება ყველასთვის და არავითარ შემთხვევაში არ ხდება ადამიანების დაყოფა პოლიტიკური, სარწმუნოების ნიშნით ან სხვადასხვა შეხედულების მიხედვით. ეს ქალაქი ყველასია და ის, რასაც ვაკეთებთ, ყველას თანაბრად უნდა შეხვდეს, ამიტომ თქვენი, მედიის როლი აქაც მნიშვნელოვანია და ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა კეთდება, რა პროექტი ხორციელდება, ვფიქრობ, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი