კახა კალაძე - ვაშაძეს და ბაქრაძეს თვითონაც აქვთ ასოცირება, რომ დიდი „შავი ძალის“ წარმომადგენლები არიან  
კახა კალაძე - ვაშაძეს და ბაქრაძეს თვითონაც აქვთ ასოცირება, რომ დიდი „შავი ძალის“ წარმომადგენლები არიან  

ვაშაძეს და ბაქრაძეს თვითონაც აქვთ ასოცირება, რომ დიდი „შავი ძალის“ წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებისა და ამის შემდეგ მისი კონკურენტების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თვითონ გარემოს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. გულდასაწყვეტია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან ბევრი არჩევნები გამოვიარეთ, დღესაც სახეზე გვაქვს იგივე პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან ის მიდგომები, რომელიც მათ ჰქონდათ წლების წინ.

აშკარაა, რომ ისინი ჩარჩნენ წარსულში და იგივე მეთოდებით გეგმავენ წარმართონ საარჩევნო კამპანია. ძირითადად, ეს არის შავი პიარი, სიცრუეზე დაფუძნებული სარედაქციო პოლიტიკა, ტალახის სროლა მოწინააღმდეგეზე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ეს მათი ჩვეული მეთოდებია. თუმცა, ვიმეორებ, ამას დაუპირისპირდება სიმართლე, დაუპირისპირდება საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც აქტუალურია და უნდა მოწესრიგდეს.

ზოგადად ქალბატონი სალომეს დღევანდელი ბრიფინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განცხადება რომელიც მან გააკეთა – აღნიშნა, რომ არის ორი „შავი ძალის“ წარმომადგენელი. რამდენიმე ხანში ამ ყველაფერს გამოეხმაურნენ ბატონი ვაშაძე და ბატონი ბაქრაძე, ძალიან საინტერესოა მათი მხრიდან დამოკიდებულება, რომ თვითონაც აქვთ ასოცირება, არიან წარმომადგენელი დიდი „შავი ძალის“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.