კახა კალაძე - ვახტანგ გომელაური ღირსეული მინისტრი იყო, მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარის არიდება მოხერხდა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის ღირსეული მინისტრი იყო.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობის არიდება მოხერხდა.
„ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც, უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარი თავიდან აარიდა ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ის მართლაც ღირსეული ადამიანია, ღირსეული მინისტრი იყო, გადაწყვეტილება თავად მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, დედაქალაქის მერმა შს-ს ახალ მინისტრს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება უსურვა.