კახა კალაძე - ვადასტურებთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე
გვინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს“, – აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციასთან დიალოგთან დაკავშირებულ დეტალებზე და დაადასტურა, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე, ბიულეტენების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე.
„რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.
როგორც ჩანს მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.