კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნების დროს დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი, მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული, ჩვენ დაპირება შევასრულეთ
კახა კალაძე - თვითმმართველობის არჩევნების დროს დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი, მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული, ჩვენ დაპირება შევასრულეთ

თვითმმართველობის არჩევნების დროს დავპირდი მოსახლეობას, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები იქნებოდა რეაბილიტირებული, ჩვენ დაპირება შევასრულეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნისას განაცხადა.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამშობლოს მსახურება.

„მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს, შვილებს, სადაც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას ანიჭებდეს სიხარულსა და ბედნიერებას. ამ შემთხვევაში ვიქნები წარმატებული. ჩვენ ამ პრინციპით ვმუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას. დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი ჩემს თანაგუნდელებთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა ორბელიანის მოედანი, მისი მიმდებარე ქუჩები ყოფილიყო ლამაზი, კეთილმოწყობილი. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი. ზუსტად ამაშია ჩვენი სიძლიერე“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ორბელიანის მოედნის გახსნაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა:

„ქალბატონო სალომე, ჩვენ ყველას, მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხარით, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქალაქი, როგორი მომხიბვლელია უნიკალური შენობა-ნაგებობებით, ისტორიული ქუჩებით. ვინც ერთხელ მაინც სტუმრობს საქართველოს, ჩვენს დედაქალაქს, მეორედ და მესამედ აუცილებლად დაბრუნება. თქვენი როლი, რომ გავიტანოთ ჩვენი ქალაქის სახელი სხვადასხვა ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კახა კალაძემ.