კახა კალაძე - თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრებ ცხრა ოჯახს მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, რომელთაგან მხოლოდ ორი დაგვთანხმდა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრები მოქალაქეებიდან ცხრა ოჯახი თბილისშია რეგისტრირებული, რომელთაც მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
ამის შესახებ მან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, თვალჭრელიძის N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობები ავარიულია და მოსახლეობის გამოყვანა მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ ორი დათანხმდა, დანარჩენებმა კი ქირით გასვლაზე უარი განაცხადეს.
„მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნინიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია და, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა მოხდება.
არის ცხრა ოჯახი, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა. ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებებით, დანარჩენები კი არ დაეთანხმნენ აღნიშნულ წინადადებას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. აღსრულების ბიუროს ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.