კახა კალაძე - თუ ვინმე დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა
კახა კალაძე - თუ ვინმე დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს, სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა

დანაშაული და კანონის გადაცდომა არავის უნდა ეპატიოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმში, მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია.

„შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ მივესალმებით. თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, არის კანონის გადაცდომა, რა თქმა უნდა, არავის უნდა ეპატიოს და უნდა იმოქმედონ შესაბამისმა სამსახურებმა ისე, რომ პირველ რიგში, პრევენცია მოხდეს. ასევე, თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და ამას ბედავს, უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა.

აჭარის პროკურატურამ გუშინ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.