კახა კალაძე - ქართულ ფეხბურთს თუ ვგულშემატკივრობთ, გვერდზე გადავდოთ, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია
კახა კალაძე - ქართულ ფეხბურთს თუ ვგულშემატკივრობთ, გვერდზე გადავდოთ, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია

თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი, რაც შორს არის სპორტისგან და არეულობის, სირცხვილის მომტანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

მისი თქმით, არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. კახა კალაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა, მსოფლიოს დაანახონ არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა.

„ხვალ ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ – სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციისა თუ პროვოკაციის სურვილი. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა. ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს ეროვნული დროშა და ვიყოთ გულწრფელები გუნდის გულშემატკივრობისას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ხვალინდელ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და საქართველოს ნაკრები შეხვედრას გამარჯვებით დაასრულებს.

„მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატჩში. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის გულშემატკივრობით, ნაკრები, სრულიად საქართველო ხვალ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საწინდარი შეიძლება იყოს. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ, ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი