კახა კალაძე თბილისის მერად მუშაობას დღეიდან შეუდგება
კახა კალაძე თბილისის მერად მუშაობას დღეიდან შეუდგება

კახა კალაძე დედაქალაქის მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა 12 ნოემბერს მოხდა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ავტომატურად, უფლებამოსილება შეუწყდათ მოქმედი მერს, მერის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს. შესაბამისად ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.

„საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.