კახა კალაძე - თბილისის არჩევანი ასეთია, რომ ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე
კახა კალაძე - თბილისის არჩევანი ასეთია, რომ ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

ონლაინ ჩართვისას მან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რასაკვირველია, მეც და თქვენც ვამჯობინებდით პირისპირ შეხვედრებს და დიალოგს, თუმცა, გვიწევს ყოფნა რეალობაში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ჩვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. ამასთან, მინდა, ყველამ კარგად გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არ მომერიდება შეფასება და ვიტყვი, რომ ეს არის არჩევანი წინსვლასა და სტაბილურობას, ან ქაოსსა და ძალადობას შორის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად, გზების, ბაღების, სკვერების, ტრანსპორტისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას ითვალისწინებდა.

„ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო თბილისი წლების წინ – ძველი, გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, ბაღები და სკვერები, რომელიც გადაქცეული იყო ავტომანქანების საპარკინგე სივრცეებად. მწყობრიდან იყო გამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ასევე, ტუალეტებად იყო ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები და ასე შემდეგ. ნახეთ, რა ხდება დღეს თბილისში. ყველა ეს პრობლემა დაძლეულია – ბაღები და პარკები სავსეა ყველა ასაკის ადამიანით, მოწესრიგდა და თანამედროვე სახე მიეცა მიწისქვეშა გადასასვლელებს, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების მიმართულებით გვრჩება გარკვეული პრობლემები, მაგრამ როგორც დაგპირდით, ქალაქში წლის ბოლოსთვის არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს. მხოლოდ ახალი, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. დავიწყეთ გზების მოწესრიგება-განახლება. წარმოუდგენლად მასშტაბური სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით. თბილისში იყო ადგილები, სადაც არც გზა და არც მიწისქვეშა კომუნიკაციიები არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი კარგი პროექტი განხორციელდა, ამ მიმართულებით, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. შემდეგი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი უბნები, დასახლებები მოწესრიგებული იყოს. ასე რომ, თბილისის არჩევანი ასეთია – ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში არსებული ყველა პრობლემა აღწერილია და მისი საარჩევნო პროგრამა დედაქალაქის მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზეა აგებული.

„რასაკვირველია, ამას არ დავუშვებთ, უკან არ დავბრუნდებით. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსახორციელებელი გვაქვს უამრავი კონკრეტული პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია თბილისის ყველა უბნისთვის. რჩება გამოწვევები, თუმცა, მერწმუნეთ, ყველა პრობლემა აღწერილია. სწორედ თქვენს თითოეულ კონკრეტულ საჭიროებაზეა აგებული ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ეს არ არის უბრალოდ დაპირება და ლამაზი სიტყვები. ეს არის ჩვენი ქალაქის განვითარების რეალური გზა და გეგმა. აი, ამ არჩევანზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე, როგორი გვინდა იყოს ქალაქი, სადაც ჩვენი შვილები, შვილიშვილები იზრდებიან, სადაც ვქმნით ჩვენს მომავალს. ეს არჩევანი ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა მასზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ფორმატში დედაქალაქის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან რიგით მეოთხე შეხვედრას მართავს.