კახა კალაძე - თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი
კახა კალაძე - თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი

თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი,  – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა პირველი ოქტომბრიდან ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი სხვადასხვა ქუჩებზეც გავრცელდება.

მისივე თქმით, ტაქსის რეფორმა, ასევე, ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაძლოა, პოპულარული ნაბიჯები არ იყოს, მაგრამ ამ რეფორმების განხორციელება დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იგი საზოგადოების დაკვეთაა.

„ძალიან ხშირად ჩვენ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან ვისმენთ წუხილს, რომ სააკაძის მოედნის მიმდებარედ არსებული ველობილიკებით არავინ სარგებლობს, ავტომობილს კი ვეღარ აჩერებენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მარტო დიდი ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი და აუცილებლად იქნება ველობილიკები. რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი გადაადგილება, მაგრამ პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია. სხვაგვარად საქმე არ კეთდება. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, წინ წავიდეთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება უშუალოდ ადამიანებს, მაშინვე პრობლემა ჩნდება. იწყება – რას აკეთებენ, შეუძლებელია, აზრზე არ არიან. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა იქნება კმაყოფილი, მაგრამ მთავარია, ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ, პროექტები სწორად განვახორციელოთ. შესაძლოა, პოპულარული ნაბიჯები არ იყოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ზონალურ-საათობრივი პარკირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს საფეხმავლო ბილიკების, ველობილიკების მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლების გამოყოფა, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, მოთმინებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, გავა დრო, წლები და საზოგადოება დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტების განხორციელება. ჩვენი შვილები და შვილიშვილები მადლობას გვეტყვიან იმ განხორციელებული პროექტებისთვის, რასაც ვაკეთებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.