კახა კალაძე - თბილისი მხოლოდ ჩემი და „ქართული ოცნების“ ქალაქი არ არის
კახა კალაძე - თბილისი მხოლოდ ჩემი და „ქართული ოცნების“ ქალაქი არ არის

თბილისი მხოლოდ ჩემი და „ქართული ოცნების“ ქალაქი არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობ, რომ ქალაქის მოვლა, პროექტების განხორციელება ყველას საქმეა. მზად ვარ, მოვუსმინო და ვითანამშრომლო ყველასთან, ვისაც რამის გაკეთების შესაძლებლობა გააჩნია. ვარ აბსოლუტურად ღია და გახსნილი. მოდით, ერთად გავაკეთოთ, ერთად ვაშენოთ და ამ ქალაქს ერთად მოვუაროთ“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რატომ აქვს თბილისის ნაძვის ხეს პარტიული სლოგანი შემოვლებული და რიყავს თუ არა ეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს დღესასწაულიდან, კახა კალაძემ თქვა, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტთან დგას.

„რაც შეეხება „სიცოცხლით სავსე ქალაქს“, ეს ჩემი საარჩევნო პროგრამის სახელი იყო, მაგრამ ეს არ იყო ტიპიური სლოგანი, რომელიც არჩევნებზე გამოიყენება. მე ვისწრაფვი, თბილისი ძალიან მალე სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით სავსე ქალაქი იყოს. შესაბამისად, მგონია, რომ პროცესში პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველა ადამიანი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს, რათა ყველაფერი ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა თბილისი მერმა.

როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ქალაქის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად შეეცადა, ყველა რაიონსა და უბანში მისულიყო და ქუჩები გაენათებინა.

„დრო ძალიან ცოტა გვქონდა და პირობას გაძლევთ, მომავალ წელს ჩვენი დედაქალაქი უფრო ეფექტური და ლამაზი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.