კახა კალაძე – თავდასხმები, ბულინგი, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, გინახავთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო თავისუფალი მოქალაქე? ყველა რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია
თავდასხმები პოლიტიკოსებზე, ბულინგი, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. გინახავთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე? ყველა არის რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ წევრ დავით მათიკაშვილზე თავდასხმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსების მიმართ მსგავსი თავდასხმები რადიკალური დაჯგუფების წევრების მხრიდან ხდება.
„ეს არის ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. გინახავთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კავშირში არ არის ოპოზიციურ პარტიასთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან? ასეთი რამ არ არსებობს. ყველა არის რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი. ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს – მკვლევარი, ვითომ რაღაცებს იკვლევენ, მესამეს და მეოთხეს – რაღაცა. რეალურად, ეს ადამიანები ერთი პატრონის ხელის ქვეშ არიან. თავდასხმები პოლიტიკოსებზე, ბულინგი, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.