კახა კალაძე - თავად თუ არ იცი შენი ქვეყნის ფასი, ევროპა არ მიგიღებს, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა ქართველების ხასიათში არ ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს
კახა კალაძე - თავად თუ არ იცი შენი ქვეყნის ფასი, ევროპა არ მიგიღებს, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა ქართველების ხასიათში არ ზის და შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს

ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გაჩნია, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„რამდენიმე დღეა, იზოლაციაში ვიმყოფები, კორონავირუსი დამიდასტურდა. მკურნალობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალი კვირიდან გავაგრძელებ სამსახურებრივ საქმიანობას. მინდა, რამდენი სიტყვა ვთქვა და დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება გუშინ და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა მინდა, დავიწყო გუშინ განვითარებული მოვლენებით. არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპა ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, აგრეთვე დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან.

„ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფით. მინდა, ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე, ხშირად ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, მწერენ, კარგია კახა შოპინგი ევროპაში? ახლა არ შევალ სიღრმეებში, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რამეს, ნიშანდობლივია, რომ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, ჩემი წარმატებები დაკავშირებულია მილანთან და ევროპასთან, რითიც ვამაყობ. ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩემი ქვეყნის ტრადიციებითა და კულტურით, ამ მიდგომითა და ტრადიციებით ვზრდი შვილებს.

ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ ამაყი და თავაწეული, მომავალშიც ასე ვივლი.

ჩემმა პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას აქვს, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს თქვენი ნებაა, თუმცა, გარწმუნეთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და, შესაბამისად, ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ევროპულ გზაზე ყველაზე ხელშესახები შედეგები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰქონდა. სწორედ ჩვენ შევძელით ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების ხელმოწერა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გასულ წელს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვისაც. თუმცა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ეს სტატუსი სრულად დაუმსახურებლად არ მიენიჭა, რაც ევროკომისიამ იანვარში თავისივე ანგარიშით დაადასტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.