კახა კალაძე - „სვეტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს კანონისა და დაზარალებული მოქალაქეების წინაშე პასუხისგება მოუწევს
კახა კალაძე - „სვეტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს კანონისა და დაზარალებული მოქალაქეების წინაშე პასუხისგება მოუწევს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კანონისა და დაზარალებული მოქალაქეების წინაშე პასუხს აუცილებლად აგებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომპანიამ, რომელსაც დედაქალაქში რამდენიმე უკანონო მშენებლობა ჰქონდა დაწყებული, არაერთი მოქალაქე დააზარალა, რომელთაც თბილისის მერია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება.

„კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მხრიდან ყოვლად უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია და კანონისა და დაზარალებული ოჯახების წინაშე, პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაზარალებულიყო, რადგან უკვე უამრავი ადამიანი გააუბედურეს. საქმე ეხება ძირითადად, 2015-2016-2017 წლებში დაწყებულ მშენებლობებს, რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ დაჯარიმდა. ამის ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც შემიძლია წარმოვადგინო და მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კომპანიის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მკაცრი რეგულაციები მოქმედებს.

„მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბინები აქვს შეძენილი, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ  ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა არცერთი თეთრი არ დაკარგონ. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პერიოდიდან, მშენებლობებთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცრეთ. თუ მანამდე უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა 5000 ლარს შეადგენდა, რაც ძალიან ცოტა იყო იმასთან შედარებით, რა ინვესტიციასაც კომპანია ახორციელებდა, ჯარიმის ოდენობა გავაათმაგეთ და ის დღეს 50 000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკის თანახმად, ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, უკანონო მშენებლობების რიცხვი მკვეთრად არის შემცირებული და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებიც გამკაცრებულია.