კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს
კახა კალაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს

ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას წარუდგინოს საარჩევნო პროგრამა და ეს არ უნდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არ აწყობთ მშვიდი არჩევნები.

ამასთან, კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„რაც შეეხება ჩანაწერებს, ამას გამოძიება დაადგენს. მე არ ვიცი, ხოჯევანიშვილი იქნება, პეტრე, თუ პავლე. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, საიდან მოდის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გიორგი გახარიას განცხადების შესახებ, რომ რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წელს გაიმართება.

„არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ყველა თანამშრომელს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. არ მაინტერესებს, გახარია რას ამბობს, ნამდვილად არ არის საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.