კახა კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, მან გაერო-ში ისაუბრა საქართველოს როლსა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე

12:50, 25.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოსთან და მის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რეგიონის მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ  საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცების ხელშესაწყობად.

„სიამაყით მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება. მან ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, მის მომავალთან, ისაუბრა რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი  ეფუძნება ფაქტებს, იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს.

ასევე, ბატონმა პრემიერმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი რეგიონში. საქართველო მზად არის, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რომ რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ ქვეყანაზე გამოსცადა.

როგორც თბილისის მერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით და ხელისუფლების განცხადებები ამ საკითხზე არის თანმიმდევრული და არა ერთმანეთის საპირისპირო.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ურთიერთობები  იყოს მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, გამართული და სწორი. საქართველოს ხელისუფლება მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ურთიერთობების ახალი ფურცლით დასაწყებად.

როდესაც ქვეყანას მეგობარს უწოდებ და პარალელურად აკეთებ ისეთ მოწოდებებს, რომლებიც ამ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, ეს მეგობრობა არ არის. ამის მიზანია ის, რომ კონკრეტულმა პატარა ქვეყანამ გაატაროს სხვისი ინტერესები, თუნდაც მისი დაზიანების ფასად.

ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, წინა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, იყო არასამართლიანი და არამეგობრული იმ გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებით, რაც ჰქონდა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. დღევანდელ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ვფიქრობ, შეუძლია ეს არასამართლიანი დამოკიდებულება ძალიან მარტივად გამოასწოროს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისგან განსხვავებულს, რასაც სხვა ქვეყნები, თუნდაც ევროპული, ან აშშ არ აკეთებდეს.

„ჩვენ ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს და ხალხის ინტერესს, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი