კახა კალაძე – შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია თვის ბოლოსთვის დასრულდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, პროექტი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.
თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე უკვე დასრულდა გარე განათების ქსელის მონტაჟი, ასევე მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები, უახლოეს პერიოდში კი შუქნიშნებიც დამონტაჟდება. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და მოწესრიგდა.
„სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პირველ რიგში, სრულად განვაახლეთ მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დღეს უკვე მიმდინარეობს გამზირის მოასფალტება. სამუშაოები სრულდება ტროტუარებზეც და ხდება ფილებით მოპირკეთება. დამონტაჟდა განათების ბოძებიც. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. პროექტი თვის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზი, კომფორტული და თითოეულ ადამიანზე მორგებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამ ეტაპზე რუსთველის გამზირზე იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.