კახა კალაძე – შესაბამისი სამსახურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა
შესაბამისი სამსახურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქლაივში განაცხადა.
კახა კალაძე მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც წვიმამ პრობლემები შექმნა.
„ძალიან ძლიერად წვიმს თბილისში და ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული. ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩაში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობა არის. „თბილსერვისის“ სამსახური არის სრულ მზადყოფნაში, გამგეობები და ასევე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, რომელიც ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ჩაიკეტოს კონკრეტული გზის მონაკვეთები პრევენციულად, რათა რამე პრობლემა არ იყოს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სანაპიროზე, სადაც შეიქმნა გარკვეული პრობლემა, შეტბორვა არის, თუმცა წყალმა უკვე დაიწყო გადინება სანიაღვრე ჭების თავებიც ამოწეული და გახსნილია. იყო გარკვეული ლოკაციები, სადაც იყო შეტბორვა. უნივერსიტეტის, თამარაშვილის ქუჩები“, – განაცხადა კახა კალაძემ.