კახა კალაძე - შემართებით, სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს
კახა კალაძე - შემართებით, სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს

შემართებით, სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ქართული ფეხბურთისთვის არის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი დღე.

„გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგთან „დინამო არენაზე“. არ დავიწყებ იმის ახსნა-განმარტების გაკეთებას, რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი არის გულდაწყვეტილი იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა, მხოლოდ რაღაც რაოდენობას შეუძლია, დაესწროს თამაშს სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, შესაბამისად, ბევრი გულდაწყვეტილი გულშემატკივარი და გულდაწყვეტილი პატარა დაგვრჩა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ დიდი ეკრანები. ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, მოეწყობა გაზონები, ბავშვებისთვის გაიმართება შესაბამისი ღონისძიებები. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. ჩატარდება სხვადასხვა გასართობი აქტივობა, იმუშავებენ კვების ობიექტები და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფანშოპი. ერთია, როდესაც ხარ სტადიონზე და გულშემატკივრობ შენს საყვარელ გუნდს, შენს საყვარელ ფეხბურთელებს, თუმცა ყველამ ვერ შეძლო ბილეთის ყიდვა. 24 საათში ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დღეს ნორმალური ამინდია, საღამოს შეიძლება ცოტა გაგვიწვიმდეს, ამიტომ მინდა, ვთხოვო ყველას, რომ თბილად ჩაიცვით. ვიცი, ბევრი ადამიანი მოვა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.

მინდა, ჩვენს ბიჭებს ვუსურვო გამარჯვება. ყველა ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა, შესაბამისად, მინდვრის ყველა მონაკვეთზე მიღწეულ გამარჯვებას, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს აქვს გათვითცნობიერებული. ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ეს სჭირდება არამხოლოდ ქართულ ფეხბურთს, სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ქვეყნის მომავალს, იმ პატარებს, ახალგაზრდებს, რომლებიც თვალებანთებული შესცქერიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, აქვთ იმედი და სურვილი, რომ ისინი დიდი ფეხბურთელები გაიზარდონ. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, მე არ მომეცა ამის შესაძლებლობა, თუმცა დღევანდელ ეროვნულ ნაკრებს, დღევანდელ ჩვენს ბიჭებს აქვთ იმის შანსი, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ და სრულიად საქართველოში იყოს ზეიმი. წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.