კახა კალაძე შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში (1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი) არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.

თბილისის მერის განცხადებით, შარტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ველობილიკით პეკინის გამზირს დაუკავშირდება.

„დაწყებულია შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება. ეს ერთ-ერთი იმ მსხვილი პროექტთაგანია, რომელთა განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით გვაქვს დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები. ორივე მხარეს მოეწყობა ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდეს. ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კოსტავას ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც შეიცვლება განათების სისტემა და სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პეკინის გამზირთან დამაკავშირებელ ჭაბუკიანისა და ბულაჩაურის ქუჩებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ველობილიკი, რომელიც ბულაჩაურის ქუჩით, პეკინის გამზირზე არსებულ ველობილიკს დაუკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში შექმნილი გარკვეული შეზღუდვებისთვის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

„გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მძღოლებს, მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან, ბოდიში მოვუხადო. სექტემბრის შუა რიცხვებში ასფალტის საფარი სრულად მოწესრიგდება. შემდეგი ნაბიჯი კი, ტროტუარებისა და განათების ბოძების მოწყობა იქნება. გვინდა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, გზის საფარის განახლება მოვასწროთ, რათა გადაადგილება არ შეიზღუდოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შარტავას ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ტროტუარზე სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები და ველობილიკი მოეწყობა, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 800 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელები შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3.2 მლნ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.