კახა კალაძე - საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ჩვენი ოპონენტები არიან ვირუსის მხარეს
საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ჩვენი ოპონენტები არიან ვირუსის მხარეს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას.
„გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მინდა, გავიხსენო, ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა როდესაც იყო, იცით, მთელი მსოფლიო ებრძვის ამ ვირუსს. მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყო მთავრობა, საზოგადოება, ეპიდემიოლოგები, ექიმები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მომხდარიყო და მეორე მხარეს იყვნენ ჩვენი ოპონენტები.
მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც, დღეს იგივე მდგომარეობა გვაქვს – საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები, დარგის სპეციალისტები არიან ერთ მხარეს და ვირუსის მხარეს არიან ჩვენი ოპონენტები. ეს ძალიან ცუდია. ზოგადად, ასეთი ვითარების დროს ყველა და ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა – ოპოზიცია, ხელისუფლება, ყველა ერთიანდება. სამწუხაროდ, ეს ჩვენთან არ ხდება და კიდევ ერთი დამადასტურებელი უპასუხისმგებლობის იყო გუშინდელი შეხვედრა.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, თქვენ ყველა ჩვენს შეხვედრაზე იმყოფებით, გაქვთ ამის შესაძლებლობა და ხედავთ, როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია საარჩევნო კამპანიას. არის შეხვედრები, ყველა იმყოფება პირბადით, დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.