კახა კალაძე - საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი
კახა კალაძე - საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე და სამართლიანად იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში გამართულ პარტიულ კონფერენციას დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტიული საქმიანობისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობისთვის.

„თქვენ ხართ ის ხალხი, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ბრძოლა 2011 წელს. რთული გზა გავიარეთ, ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. დღესაც თქვენ ხართ ჩვენი გუნდის მთავარი საყრდენი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში დიდია თქვენი წვლილი. რასაკვირველია, გამოწვევები დღესაც არის, თუმცა ერთიანობით, შემართებით, სწორი სვლით და, რაც მთავარია, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებებით დავძლევთ ყველა პრობლემას. პატრიოტიზმი, ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის დაცვა „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებებია და სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ ევროინტეგრაციის გზაზეც. მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ცხოვრების და კარიერის შექმნის ისტორია აქვს. კარგად ვიცი, რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები და სწორედ ამიტომ მინდა, ჩემი ქვეყანა გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა მოხდეს კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნის სანაცვლოდ, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დათესვის სანაცვლოდ.

„ქართული ოცნება“ მზადაა 12-პუნქტიანი გეგმის პირნათლად შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის სტრუქტურებმა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სტატუსს არა კრიმინალის გათავისუფლების საპირწონედ, არამედ რეალური საქმით და რეფორმებით, რაც გატარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს. პირველი კონფერენცია დღეს ბათუმში ჩატარდა.