კახა კალაძე - საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია, დღესაც მზად ვართ პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ცალმხრივად რაიმეს გაკეთება შეუძლებელია
კახა კალაძე - საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია, დღესაც მზად ვართ პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ცალმხრივად რაიმეს გაკეთება შეუძლებელია

საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი. დღესაც მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად რაიმეს გაკეთება შეუძლებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. ხაზს ვუსვამ, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და დღესაც მზად ვართ მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი მეგობრობა. ცალმხრივად რაიმეს გაკეთება შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია. მზად ვართ იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა, მჯეროდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტატუსის დროს. გავიხსენოთ ყველამ, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა ქვეყნის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურად გამოყენება და ამ პროცესებით მანიპულირება, რათა ქვეყანაში გამოეწვიათ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. პირიქით, ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.