კახა კალაძე - საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, ვუთხარით, რომ სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ამის შემდეგ შემოგვიშვეს ევროპარლამენტში
კახა კალაძე - საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, ვუთხარით, რომ სალომე სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ამის შემდეგ შემოგვიშვეს ევროპარლამენტში

გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარების მისიის შექმნაზე ჩვენი ინიციატივის შემდეგ ვნახეთ, ოპოზიციის წევრები როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, ესეც ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი, ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ ევროპარლამენტარებს გიგი უგულავას საქმეზე.

„საქმე, რომელიც ეხება 50 მილიონის ქურდობას, ამის მტკიცებულება არსებობს თავისი ვიდეოკადრებით. შესაბამისად, ევროპარლამენტარებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. გუშინ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ვნახეთ, ოპოზიციის წევრები როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, ესეც ცხადია და ყველასთვის თვალნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი, ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე, რეალურად რა ხდება უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან ხალხის ფული. ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს სალომე სამადაშვილის პოსტის შესახებ, სადაც ის წერს, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სამადაშვილის სისულელეებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს.

„სამადაშვილის სისულელეები მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. ხო, საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არ გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.