კახა კალაძე - სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა და გაწერის შემდეგ, როგორც პატიმარი, დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
კახა კალაძე - სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა და გაწერის შემდეგ, როგორც პატიმარი, დაბრუნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაეწერა და როგორც პატიმარი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა.

„შესაბამისმა უწყებამ უკვე გააკეთა განცხადება, ის გორის ჰოსპიტლიდან გაწერილი იქნა და როგორც პატიმარი, გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში. გორის ჰოსპიტლიდან პატიმარი სააკაშვილი გახლდათ გაწერილი, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, შესაბამისად, დაბრუნდა დაწესებულებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გაგრძელებას და პროტესტის გამწვავებას აპირებს, ხომ არ იმოქმედებს ეს სამართლებრივად სააკაშვილთან დაკავშირებით“, კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება ნებისმიერი ფორმით, ოღონდ კანონის ფარგლებში.

ამასთან, კალაძის განმარტებით, სააკაშვილს აქვს მისჯილი კონკრეტულ საქმეებზე და პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე.

„რაც შეეხება აქციებს და პროტესტს, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ არის შეზღუდული, ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება ნებისმიერი ფორმით, მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. სამართლებრივად როგორ უნდა იქონიოს გავლენა, სააკაშვილს აქვს მისჯილი კონკრეტულ საქმეებზე და პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე საქმეზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში გუშინ ღამით გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი