კახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტების მეგობრობას გვთავაზობს, რაც ალოგიკურია

13:19, 27.11.2026

თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული მხარის პოზიცია, ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, არ არის განმარტებული შესაბამისი არგუმენტებით და წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს.

„მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე. ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ქვეყანაში ოპოზიციის სახით წარმოდგენილ აგენტურულ ქსელს აძლიერებს.

„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი