კახა კალაძე - ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა, როგორც ბურჭულაძემ დაამთავრა
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას.
კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ჭორაობითაა დაკავებული.
„მე გავაკეთე შეფასებები მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. ის, რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას.
რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და ამ პროექტის განხორციელება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს.
„შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია, გავაკეთო – როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა“, – განაცხადა კალაძემ.