კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის მინისტრმა ხელისუფლების წინააღმდეგ გააკეთოს განცხადება, ლუსტრაციაა, რომ დონორების დაანონსებული რევოლუცია გარედან იმართება
კახა კალაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის მინისტრმა ხელისუფლების წინააღმდეგ გააკეთოს განცხადება, ლუსტრაციაა, რომ დონორების დაანონსებული რევოლუცია გარედან იმართება

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს, საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებები გაკეთოს, ეს არის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ დონორების მიერ დაანონსებულია რევოლუცია და ყველაფერი გარედან იმართება.

„ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი, შეიძლება ითქვას, კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერაა დაანონსებული რევოლუცია, ყველაფერი იმართება გარედან და ამის დადასტურება იყო საგარეო საქმეთა რამდენიმე მინისტრი და მანამდე პოლიტიკოსები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი, გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოჰკიდებდა და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მმართველი გუნდი დგამს ნაბიჯებს, რომ გააძლიეროს ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი.

ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი. დამოკიდებულება, რომელიც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ უნდა გაბედოს ვერცერთმა პოლიტიკოსმა, რომ საქართველომ თითქოს ევროპულ გზაზე უნდა დათმოს სუვერენიტეტი. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს უნდა გაიგოს ყველამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.