კახა კალაძე - როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო ვინმე გაგვეშვას? საზოგადოებას, მით უმეტეს თანამშრომლებს, არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ
დასაქმებულთან ხელშეკრულება როცა სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვაგრძელებთ, ან არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.
კახა კალაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ან საპროტესტო აქციებზე დგომის გამო სამსახურიდან არავის უშვებენ.
„როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წევრი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით მისი გაშვების სურვილი რომ გვქონოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. საზოგადოებას არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ, მით უმეტეს თანამშრომლებს. ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. როცა ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვაგრძელებთ, ან არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურის ხელმძღვანელებმა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.