კახა კალაძე – რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, 4 ოქტომბერს ვნახეთ ხელისუფლების დამხობის მცდელობა

13:43, 10.10.2025

სახელმწიფომ როგორც კი აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პროპაგანდაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებდნენ ყველას, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რადგან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

„რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანსდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებზე, კახა კალაძის თქმით, პასუხისმგებელია ყველა, ვინც ჩართული იყო, როგორც უშუალოდ საპროტესტო აქციაში, ასევე მანამდე აგორებულ კამპანიაში.

„აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებელია, რაც არ უნდა გაემიჯნონ და რაღაც განცხადებები აკეთონ. როგორც კი სახელმწიფო დადგა ისე, როგორც საჭიროა, აჩვენა ძალა, დაიცვა კანონი, ისინი გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყებს. მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში, ბინძურ პროპაგანდაში და გარე ძალებს, ვინც ამას უშუალოდ ხელს უწყობდა და ახალისებდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი