კახა კალაძე - რაღაცის გასაპროტესტებლად როცა ნიღბით მიდიხარ, გამოდის, წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები, მსგავსი კანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს ვიგონებთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი, რომელიც მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების გამოყენებას უკრძალავს, ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კანონმდებლობის გადმოტანას გეგმავს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს და ამისთვის სახის დამალვა საჭირო არ არის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ამ ტიპის კანონი. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ნიღბიანი ადამიანების მხრიდან ხდებოდა სამართალდარღვევა და ეს იყო ძალიან მძიმე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით დაწყებული, მძიმე საგნებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან უფრო მძიმე კონკრეტული ფაქტები იყო. შენ როცა მიდიხარ რაღაცის გასაპროტესტებლად, თუ სახეს იმალავ და ნიღბით მიდიხარ, გამოდის, რომ წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები. შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს გავაპროტესტო მშვიდობიანად. რა არის ამაში ცუდი ან რატომაა პრობლემა? ყველას ერთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გვექნება.
შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი და ყველას უნდა გვქონდეს მისი მიმღებლობა, ცივილურად, ნორმალურად, როგორც ეს დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებშია. აღნიშნული კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია. ჩვენ რაღაც ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ. შეგიძლიათ ნახოთ, აღნიშნული კანონები როგორ მოქმედებს სხვადასხვა ევროპულ ქალაქში. იმავეს გადმოტანა ხდება საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.