კახა კალაძე - ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა - გარედან ვიღაცებმა
კახა კალაძე - ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა - გარედან ვიღაცებმა

ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას, – ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის მოსაზრების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, გამჭვირვალობის კანონი შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანონის მიღება არანაირ კავშირში არაა არჩევნებთან.

„რა შუაშია არჩევნები გამჭვირვალობის კანონთან? შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მოიყვანოთ, როგორ შეიძლება, შეიზღუდოს არასამთავრობოების საქმიანობა გამჭვირვალობის კანონის მიღებით? კანონი ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს: როცა არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და თანხებს იღებ უცხოეთიდან, დონორი ორგანიზაციებიდან, ეს უნდა დაადეკლარირო და საზოგადოებას უნდა უთხრა, ვისგან მიიღე და რაში დახარჯე. სხვა არაფერზეა საუბარი. ამასთან რა შუაშია არჩევნები და ტოლობის ნიშნის დასმა აღნიშნულ კანონპროექტთან? რატომ უნდა დადგეს არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა – გარედან ვიღაცებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.