კახა კალაძე – ქვეყნის ინტერესს როცა ეხება საქმე, რა პირად სანქციებზეა საუბარი? არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს, მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს, ამ რთულ გზაზე ბევრი უსამართლობაა, მაგრამ მთავარია ქვეყნის ინტერესი
საერთოდ არ გვაინტერესებს, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ, იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეხვედრებს არანაირი ფასი არ აქვს.
„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია აღნიშნულთან დაკავშირებით, ბევრი განმარტება, განცხადება გვაქვს გაკეთებული. გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ, რადგან ყველა მათი განცხადება თუ მიღებული რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ არასამართლიანობაზე, ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევებია, ასეთი მძიმე სიტუაციაა, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, საერთოდ არანაირი ფასი არ აქვს და ჩემთვის პირადად არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს ევროპული სტრუქტურებისგან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესს როდესაც ეხება საქმე, პირად სანქციებზე საუბარი ზედმეტია.
„ქვეყნის ინტერესს როდესაც ეხება საქმე, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით – 1 000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს, რადგან ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ბევრი უსამართლობა არის ამ ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი არის ქვეყნის ინტერესი. ზოგადად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი, რომ რაც უნდათ, იმას დაავალებენ, გააკეთებინებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქართველი ხალხი და ქვეყანა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.
„ჩვენ რომ პრინციპული პოზიცია არ დაგვეკავებინა და არ გაგვეტარებინა ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ხომ სრული უბედურება გვექნებოდა ქვეყანაში? დღეს ჩვენ აქ ხომ არ ვიდგებოდით და არ ვისაუბრებდით პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროექტების განხორციელებაზე? გვექნებოდა ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ჩვენ სულელები არ ვართ, არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოვაყენებინოთ სხვა დიდ ქვეყნებს თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, დავაზიანოთ ქართული ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.