კახა კალაძე - ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და არა დაპირისპირებას
კახა კალაძე - ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და არა დაპირისპირებას

კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები, მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირპისრება.

„რატომ უნდა მოგინდეს, მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა ადგილები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რათა მოხდეს დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და არა დაპირისპირებას, ცხვირ-პირის მტვრევას. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, თუნდაც კითხვის დასმასაც. როდესაც მიდიხარ და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ, არ არის ეს ცივილური ფორმა. დღეს ვართ დემოკრატიის სულ სხვა საფეხურზე და გვაქვს პრეტენზია, რომ განვითარებული ქვეყანა ვართ, დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება და მთავარი მიზანია, რომ გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის წევრი, ასეთი დესტრუქციული ქმედებები პირველ რიგში ქვეყნის იმიჯს აზიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიცია იცავს ყველას უფლებებს და უსაფრთხოებას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე იმ პირების, რომლებიც აქციებზე დგანან.

„როცა  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოდიხარ და პრტიის წევრებს ეკითხებ,  რა გინდა აქო, ეს ნორმალური გგონიათ? უხერხულია. სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ ვხედავ ამის საშიშროებას. აგრესიული ფორმაა სწორედ ის, რაც ვნახეთ – მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია დაპირისპირება და მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების გამოყენება თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გატარებისთვის. დაუპირისპირონ ერთმანეთს, აჩხუბონ და ა.შ. მინდა, მოვუწოდო ყველას, არ აყვნენ და არ გამოაყენებინონ თავი პარტიული ინტერესებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი