კახა კალაძე - ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები
კახა კალაძე - ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები

ქართველები მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ევროპის დღეების გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა საქართველო დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანია დღეა, მეშვიდედ აღვნიშნავთ ევროპულ დღეებს საქართველოში. ეს დღე  მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებითაც. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი, ის რომ ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს ძალიან კარგად გვესმის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ასეც მოხდება. მე დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“.  ეს არ ყოფილა მხოლოდ სიტყვები, ამას აქვს ძალიან დიდი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და როგორც დედაქალაქის მერმა, ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, ვისურვო, რომ როგორც რიყის პარკი არის გაფერადებული დღეს, ასეთი გაფერადებული იყოს ჩვენი თბილისი, ჩვენი ქვეყანა და თითოეული ჩვენგანის ოჯახები“, – განაცხადა კახა კალაძემ.