კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გუნდთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ერთადერთი პარტია „ქართული ოცნებაა“, რომლის წევრი და დამფუძნებელიც ვარ, ეს ჩემი, საკუთარი პარტიაა
ეს ჩემი, საკუთარი პარტიაა, მე ასე წარმომიდგენია და ეს დამოკიდებულება მაქვს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა გამორიცხული, არჩევნებამდე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში მისი პოლიტიკური პოზიცია შეიცვალოს.
„2011 წელი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და რამდენიმე ხანში მეც გამოვეხმაურე ამ განცხადებას. იმიტომ, რომ სიტუაცია, რაც ქვეყანაში რეალურად ხდებოდა, მართლა არავის მოსწონდა. მე მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – დავტოვე ჩემი საქმიანობა, რაშიც მთელი ცხოვრება მქონდა გატარებული, ეს საქმე, ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და მივიღე ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.
ეს განპირობებული იყო ორი კონკრეტული საკითხით – ქვეყნის სიყვარულით და იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება. ის მაშინ ერთადერთი ადამიანი იყო, ვის ირგვლივაც სრულიად საქართველო გაერთიანდა. შესაბამისად, ამ გუნდთან, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ერთადერთი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ გახლავთ, რომლის წევრი და დამფუძნებელიც ვარ. შესაბამისად, ეს ჩემი, საკუთარი პარტიაა. მე ასე წარმომიდგენია და ეს დამოკიდებულება მაქვს. მე თავს რიგით ჯარისკაცად ვთვლი და სადაც გუნდს დასჭირდება, სადაც ჩემს შესაძლებლობებს ჩემს ქვეყანას უფრო მეტად მოვახმარ, მზად ვარ, იქ ვემსახურო ჩემს ხალხს. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და როგორც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს ვემსახურებოდი და მომავალშიც ასე ვაპირებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.