კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, რომელიც იზიარებს ჩვენს მშვიდობის პოლიტიკას, მგონია, ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს
კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, რომელიც იზიარებს ჩვენს მშვიდობის პოლიტიკას, მგონია, ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, რომელიც იზიარებს ჩვენს მშვიდობის პოლიტიკას. მგონია, ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნებაზე, რომელიც არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნას. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ეს ხომ არ წაართმევს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლებს.

​„ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იმოქმედეს, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეტაპზე. შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოლიტიკას, იზიარებენ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ აქვს.

გადაწყვეტილებას ამ დეპუტატებისგან მოჰყვა თავისი ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი; ამას მოჰყვა ასევე ახსნა-განმარტება, გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.